English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია.საქართველო დიდი ხანია ჩამოცდა სასურსათო უსაფრთხოების ზღვარს. საქართველოს სტატისტიკი სეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ერთ სულ მოსახლეზე წლითიწლობით მცირდება, ხოლო იმპორტი იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დარღვეულია. ყველა ქვეყანა ცდილობს წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და საგანგებო სიტუაციებს მომზადებული შეხვდეს, ანუ კრიზისულ სიტუაციებში მინიმალურ დონეზე მაინც შეინარჩუნოს სასურსათო უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, ბოსტნეული და ა.შ. ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოში მიმდინარე პროცესები. საქსტატის მონაცემებით 2003 წელთან შედარებით ნათესი ფართობები, შემცირდა დაახლოებით ორჯერ, ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, 2003 წელს იწარმოებოდა 225 ათასი ტონა ხორბალი, ბოლო წლებში იგი 54 ათას ტონამდე შემცირდა, კარტოფილის წარმოება შემცირდა ორჯერ, ხილისა 50%-ით, ყურძნის 30%-ით, ჩაის 5-ჯერ, ბოსტნეულის 2,5-ჯერ, სამაგიეროდ, კარტოფილის იმპორტი გაიზარდა იმავე სიდიდით, ბოსტნეული სიმპორტი კი 10-ჯერ, ხორცისიმპორტი 2-ჯერდადღესდღეობითსასურსათობაზარზეხორცის 60% იმპორტირებულია. მცენარეული ცხიმების მთლიან მოცულობაში 85% არის იმპორტირებული, რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს – ხორბალს, მის იმპორტზე 92%-ით ვართ დამოკიდებულნი. ზოგადად მთელ სასურსათო პროდუქციაში იმპორტის წილი 76%-ია. ასევე, ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოდის უხარისხო გენმოდიფიცირებული პროდუქცია, რისი შემოწმების საშუალება სახელმწიფოს არ გააჩნია. ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სურსათის უვნებლობის სამსახურის ფუნქციები შეზღუდულია, რის გამოც როგორც ადგილობრივი, ისე იმორტირებული პროდუქცია ხშირად ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ხდება.

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კრიტიკული დონისათვის, რომლის ქვემოთაც იწყება სასურსათო და ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება და დაკარგვა, საიმპორტო მოწოდებისაგან დამოკიდებულების გაძლიერება, რაოდენობრივ გამოხატულებაში სავსებით რეალურია შემდეგი პარამეტრებით: 800 ათასი ტონა მარცვლეული, 240 ათასი ტონა კარტოფილი, 250 ათასი ტონა ბოსტნეული, 330 ათასი ტონა ხილი და კენკრა, 20 ათასი ტონა მცენარეული ცხიმები, 110 ათასი ტონა შაქარი, 85 ათასი ტონა ხორცი (ცოცხალი წონით), 580 ათასი ტონა რძე და 360 მილიონი ცალი კვერცხი. ეს დონე უნდა იქცეს სურსათის წარმოების ზრდის ტემპებისა და სასურსათო ბაზრის გაჯერებულობის ათვლის საზღვრად.

ამრიგად, სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის პრინციპს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცე ეკონომიკური საფუძვლის უმნიშვნელოვანეს პირობას (საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებთან ერთად). თვითუზრუნველყოფაზე ყურადღების გამახვილება არ გულისხმობს ქვეყნის თვით იზოლაციას სასურსათო რესურსების ფორმირებაში. პირიქით, საუბარი მიდის ექსპორტისათვის წარმოების ზრდისა და იმპორტის სტრუქტურის სრულყოფის შესახებ, რაც შრომის საერთაშორისო დანაწილების უპირატესობებისა და ბაზრის ხელსაყრელი კონიუნქტურის გამოყენებასთან ერთად, ხელსშეუწყობს სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების დამოუკიდებლობის განმტკიცებას. 

* * *

უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა. მისი უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის არსებობა და ნორმალური განვითარება. უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახელმწიფოს მონოპოლიური უფლება და მოვალეობაა. მსოფლიო პრაქტიკაში უსაფრთხოების ტერმინი მე-12 საუკუნიდან გამოიყენება და ადრეულ პერიოდებში იგი საფრთხისაგან დაცული ადამიანის მშვიდ სულიერ მდგომარეობას ნიშნავდა. თუმცა შუა საუკუნეებამდე აღნიშნული გაგებით უსაფრთხოების ცნება მყარად ვერ დამკვიდრდა მოწინავე ქვეყნების საზოგადოებრივ ლექსიკონში. მე-17 საუკუნიდან წამყვან ქვეყნებში წარმოიშვა მოსაზრება, რომ სახელმწიფოს მთავარი მიზანია საერთო კეთილდღეობა და უსაფრთხოება. აქედან მოყოლებული აღნიშნული ტერმინი ახალ შინაარს იძენს, ხოლო უფრო მოგვიანებით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია მთელ მსოფლიოში ვრცელდება.

ეროვნული უსაფრთხოების მრავალი განმარტება არსებობს. მათი შეჯერებით სახელმწიფოს უსაფრთხოების არსი განისაზღვრება საზოგადოებისა და ხელისუფლების ინსტიტუტების ისეთი მდგომარეობით, როდესაც უზრუნველყოფილია ეროვნული ინტერესების გარანტირებული დაცვა, ქვეყნის სოციალურად ორიენტირებული განვითარება, სახელმწიფოებრიობა და ტერიტორიული მთლიანობა შინაგანი და გარეგანი პროცესების ყველაზე უფრო არახელსაყრელ პირობებშიც კი.

ეროვნული უსაფრთხოება მოიცავს შემდეგ ქვესისტემებს: იდეოლოგიურ-კულტურული და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება; პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური უსაფრთხოება; მეცნიერულ-ტექნოლოგიური უსაფრთხოება; ინფორმაციული უსაფრთხოება; სამხედრო უსაფრთხოება. უსაფრთხოების აღნიშნული ქვესისტემებიდან ცენტრალური ადგილი უჭირავს ეკონომიკურ უსაფრთხოებას, რომელიც გამოხატავს ეკონომიკური სისტემის უნარს, უზრუნველყოს ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური პირობები, ეროვნული მეურნეობის განვითარების მდგრადი მომარაგება რესურსებით და სახელმწიფოებრივი ინტერესების თანმიმდევრული განხორციელება.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემა დროულად არ იქნა აყვანილი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის რანგში. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მსოფლიო ეკონომიკურ მეცნიერებაში ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემის გამოკვლევას არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. რაც შეეხება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებს, მათ წინაშე აღნიშნული პრობლემა არ იდგა და, შესაბამისად, არ წარმოებდა კვლევები. გარდამავალი ეკონომიკის ქცვეყნებში ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ყურადღება გამახვილდა მხოლოდ საბაზრო რეფორმების დაწყებიდან საკმაო ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც მწვავე კრიზისული ხასიათი მიიღო ეკონომიკის განვითარებამ და მნიშვნელოვნად დაეცა მოსახლეობის ცხოვრების დონე.

საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების თეორიულ-გამოყენებითი საფუძვლების შემუშავება, უპირველეს ყოვლისა, უნდა განხორციელდეს დამოუკიდებლად, საკუთარი ეროვნული ინტელექტუალური ძალებით. იგი ის პრობლემა არ არის, რომელშიც სასურველ ეფექტს მოგვცემს საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური ინსტიტუტების და უცხოელი ექსპერტების კონსულტაციები. რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემების ირგვლივ დაგროვილი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შესწავლა, განზოგადება და გამოყენება, თუმცა აქაც საჭიროა დიდი სიფრთხილე და შემოქმედებითი მიდგომა.

ჩვენი აზრით, უპირველეს ყოვლისა, უნდა შემუშავდეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგია (კონცეფცია), რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ამავე სახელწოდების პროგრამის შემუშავებას და ეს უკანასკნელი უნდა გახდეს ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების განხილვის საგანი. ეროვნული ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფოებრივი სტრატეგია-პროგრამის შემუშავების სამუშაოებში უნდა იქნეს მოზიდული ქვეყნის მოწინავე სამეცნიერო ინტელექტუალური ძალები და შესაბამისი სახელისუფლებო სტრუქტურების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამ ჯგუფის მუშაობას სათავეში უნდა ჩაუდგეს ქვეყნის პრეზიდენტი. ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მისი კონფიდენციალური ხასიათიდან გამომდინარე, უნდა დამტკიცდეს ქვეყნის უშიშროების საბჭოს მიერ ხოლო მისი ზოგადი პრინციპები და მიმართულებები შეიძლება საზოგადოებისათვის გამჭვირვალე გახდეს. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციასა და პროგრამაში ცალსახად და მკაფიოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი ეკონომიკური უსაფრთხოების არსი. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გამოც, რომ დღემდე აღნიშნული კატეგორიის გაგებაში ერთიანი აზრი არ არის ჩამოყალიბებული მკვლევრებსა და სპეციალისტებს შორის და, შესაბამისად, რთულდება იმ საფრთხეების ხასიათის ფაქტორების განსაზღვრა, რომელთა საფუძველზე უნდა შემუშავდეს ეროვნულ ეკონომიკაზე მათი ნეგატიური ბლოკირების მიმართულების ღონისძიებათა კომპლექსი. 

ეკონომიკური უსაფრთხოება თავის მხრივ მოიცავს გარკვეულ ქვესისტემებს: სანედლეულო უსაფრთხოება; ინდუსტრიული უსაფრთხოება; სასურსათო უსაფრთხოება; ინვესტიციური უსაფრთხოება;  ინფორმაციულ-კომუნიკაციური უსაფრთხოება და ა.შ.  ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემებიდან მთავარია სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც სასურსათო დამოუკიდებლობას, ანუ სურსათის ძირითად სახეებზე მოსახლეობის მოთხოვნილების საკუთარი რესურსებით დაკმაყოფილების უნარს გულისხმობს. სასურსათო უსაფრთხოება უწინარეს ყოვლისა გულისხმობს სურსათის უკმარისობის თავიდან აცილებას. ამასთან, სურსათის უკმარისობა განიხილება როგორც ადამიანთა ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხე. საერთოდ, სურსათის უკმარისობა ნიშნავს სურსათით მომარაგების დეფიციტს; სასურსათო უსაფრთხოების პირობებში სურსათით მომარაგება ისეთ დონეზე უნდა იყოს, რომელიც უზრუნველყოფს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების შესაძლებლობას. მაშასადამე, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ფუძემდებლური პირობაა სურსათის ისეთი საკმარისობა, რომელიც აშესაძლებლად აქცევს ადამიანთა აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებას. ამით მიიღწევა ფიზიოლოგიური სასურსათო უსაფრთხოება.

საგულისხმოა, რომ საჭირო ოდენობისა და ასორტიმენტის სურსათით მომარაგება ჯერ კიდევ არასაკმარისი პირობაა სრული სასურსათო უსაფრთხოების მისაღწევად. ადამიანის სიცოცხლის დაცვის, მისი სრულფასოვანი ფიზიოლოგიური არსებობის შენარჩუნების პრობლემა გადაიჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელი იქნება არსებული სურსათის ფაქტობრივი მოხმარება. ეს, თავის მხრივ, მოითხოვს ისეთი ეკონომიკური პირობების შექმნას, მოსახლეობის შესაძლებლობებისა და სურსათზე ფასების ისეთი დონის უზრუნველყოფას, როცა გარანტირებული იქნება მასზე ხელმისაწვდომობა.

ხელმისაწვდომობის ცნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კვებაზე ადამიანის უფლებასთან დაკავშირებით. გამოყოფენ მის ორ ასპექტს – ეკონომიკურსა და ფიზიკურს. ეკონომიკური ხელმისაწვდომობა ვარაუდობს, რომ სურსათის სრულფასოვანი რაციონის შექმნაზე გაწეული ფინანსური დანახარჯები ხასიათდება ისეთი დონით, რომელიც საფრთხის წინაშე არ დააყენებს და არ დაარღვევს სხვა ძირითად მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ამასთან, იგი წარმოადგენს საკმარის კვებაზე ადამიანის უფლების რეალიზების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მაჩვენებელს. ფიზიკური ხელმისაწვდომობა ვარაუდობს საკმარისი კვების ხელმისაწვდომობას ყოველი ადამიანისათვის, ფიზიკურად უმწეო იმ პირთა ჩათვლით, როგორიცაა ახალშობილი და უმცროსი ასაკის ბავშვები, ხანდაზმულები, ფიზიკური ნაკლის მქონენი და განუკურნებელი ავადმყოფები. მაგრამ კვებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მასზე ფაქტობრივ ხელმისაწვდომობას. ამის მისაღწევად აუცილებელია კვებაზე უფლების შეხამება მისი რეალიზებისათვის საჭირო რესურსებზე საკუთარ ეკონომიკურ ხელმისაწვდომობასთან.

ამრიგად, ადამიანის ფიზიოლოგიური არსებობის საფრთხისაგან დაცვა, ამ საფრთხის ნეიტრალიზება და დაძლევა შესაძლებელია სურსათის საკმარის დონეზე უზრუნველყოფისა და მასზე ხელმისაწვდომობის სათანადო პირობების შექმნის გზით. სწორედ ეს ორი მთავარი პირობა – საკმარისობა და ხელმისაწვდომობა არის დაფიქსირებული საერთაშორისო დოკუმენტების უმრავლესობაში სასურსათო უსაფრთხოების განმარტებისას. ეროვნული სასურსათო უსაფრთხოება უკავშირდება საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ძირითად პირობებს. აქაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმთავრესი ფაქტორებია სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა. თუმცა ამ შემთხვევაში სასურსათო უსაფრთხოება უფრო ფართოდ უნდა განიმარტოს. ეს, უწინარეს ყოვლისა,  დაკავშირებულია იმასთან, რომ სურსათის საკმარისობა და ხელმისაწვდომობა ეროვნულ დონეზე `მუშაობს” აგრეთვე სახელმწიფოს ამოცანების გადაწყვეტაზე. ამიტომ ეროვნულ დონეზე სასურსათო უსაფრთხოება უნდა გულისხმობდეს აგრეთვე სახელმწიფოს მუდმივ მზადყოფნას, საგანგებო გარემოებებში (საერთაშორისო პოლიტიკური ვითარების გამწვავება, ომები, ეკონომიკური ბლოკადა, ანთროპოგენური თუ ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ.) არაორდინალური ზომების მიღებით (საბარათო სისტემის შემოღება და სხვა) შეინარჩუნოს სურსათით საკუთარი მოსახლეობის გარანტირებული (უფასოდ ან შეღავათიან ფასებში) უზრუნველყოფის მინიმალური დონე.

საგულისხმოა, რომ სასურსათო უსაფრთხოების ირგვლივ წამოჭრილ პოლემიკაში, ამ საკითხის განხილვის ადრეულ ეტაპზე, პრივალირებდა კონცეფცია, რომლის თანახმადაც ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპტიმალური საშუალება იყო დახმარება და იმპორტი. იმ ხანებში თვითუზრუნველყოფა არ იყო აქტუალური თემა, რადგან მსოფლიო სასურსათო ბაზარზე სურსათის მიწოდება შედარებით მრავალფეროვანი არხებით ხდებოდა. მაგრამ შემდგომ, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდამ და ქვეყნების არათანაბარმა ეკონომიკურმა განვითარებამ გამოიწვია სასურსათო ბაზრის მონოპოლიზება. ამასთან, სურსათის ძირითად ექსპორტიორებსაც გაუჩნდათ გარკვეული პრობლემები საკუთარი მოსახლეობის გამოკვებაში, რამაც სურსათის მიწოდების არასტაბილური ტენდენცია წარმოშვა. ამან სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს უბიძგა, შეექმნათ და აქტიურად განეხორციელებინათ თვითუზრუნველყოფის ეროვნული კონცეფციები.

თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, რომლებმაც უკვე გადაჭრეს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა საკმარისობის, ხელმისაწვდომობის და თვითუზრუნველყოფის თვალსაზრისით, მაგრამ ადამიანის აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებისათვის კვლავ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კვების პროდუქტების დაბინძურების საკმაოდ მაღალი ხარისხი. სურსათის ვარგისიანობა სულ უფრო აქტუალური თემა ხდება ეკოლოგიური სიტუაციის გამწვავებისა და სოფლის მეურნეობის მზარდი ქიმიზაციის პირობებში.

სასურსათო უსაფრთხოების კრიტერიუმი შემდეგია:

1. მოხმარებული სასურსათო პროდუქციის მთელი მოცულობის 75-80% უნდა იწარმოებოდეს სამამულო საქონელმწარმოებლების მიერ;

2. მოსახლეობა უნდა მოიხმარდეს ბიოლოგიურად სრულფასოვან პროდუქტს, კალორიულობის რეკომენდებული დონით – საქართველოს – ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მონაცემებით საქართველოში დღეღამური კვების რაციონის ენერგეტიკული ფასეულობა, მოხმარების რაციონალური ნორმის მიხედვით, არანაკლებ 2500 კკალ. უნდა შეადგენდეს.

3. სასურსათო მარაგების შექმნა უნდა განხორციელდეს მთელი მოხმარებული პროდუქციის მოცულობის 20%-ის დონეზე.

საქართველო დიდი ხანია ჩამოცდა სასურსათო უსაფრთხოების ზღვარს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება ერთ სულ მოსახლეზე წლითიწლობით მცირდება, ხოლო იმპორტი იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება დარღვეულია.

ყველა ქვეყანა ცდილობს წინასწარ დაიჭიროს თადარიგი და საგანგებო სიტუაციებს მომზადებული შეხვდეს, ანუ კრიზისულ სიტუაციებში მინიმალურ დონეზე მაინც შეინარჩუნოს სასურსათო უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში ეხება ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ხორბალი, ბოსტნეული და ა.შ. ამ მხრივ საყურადღებოა საქართველოში მიმდინარე პროცესები. საქსტატის მონაცემებით 2003 წელთან შედარებით ნათესი ფართობები შემცირდა დაახლოებით ორჯერ, ხორბლის წარმოება შემცირდა ოთხჯერ, 2003 წელს იწარმოებოდ 225 ათასი ტონა ხორბალი, ბოლო წლებში იგი 54 ათას ტონამდე შემცირდა, კარტოფილის წარმოება შემცირდა ორჯერ, ხილისა 50%-ით, ყურძნის 30%-ით, ჩაის 5-ჯერ, ბოსტნეულის 2,5-ჯერ, სამაგიეროდ, კარტოფილის იმპორტი გაიზარდა იმავე სიდიდით, ბოსტნეულის იმპორტი კი 10-ჯერ, ხორცის იმპორტი 2-ჯერ და დღესდღეობით სასურსათო ბაზარზე ხორცის 60% იმპორტირებულია. მცენარეული ცხიმების მთლიან მოცულობაში 85% არის იმპორტირებული, რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანს – ხორბალს, მის იმპორტზე 92%-ით ვართ დამოკიდებულნი. ზოგადად, მთელ სასურსათო პროდუქციაში იმპორტის წილი 76%-ია.

ასევე, ქვეყანაში დიდი რაოდენობით შემოდის უხარისხო გენმოდიფიცირებული პროდუქცია, რისი შემოწმების საშუალება სახელმწიფოს არ გააჩნია, ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სურსათის უვნებლობის სამსახურის ფუნქციები შეზღუდულია, რის გამოც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული პროდუქცია ხშირად ადამიანის ჯამრთელობისათვის საშიში ხდება.

საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების კრიტიკული დონისათვის, რომლის ქვემოთაც იწყება სასურსათო ეკონომიკური უსაფრთხოების შესუსტება და დაკარგვა, საიმპორტო მოწოდებისაგან დამოკიდებულების გაძლიერება, რაოდენობრივ გამოხატულებაში სავსებით რეალურია შემდეგი პარამეტრები: 800 ათასი ტონა მარცვლეული, 240 ათასი  ტონა კარტოფილი, 250 ათასი ტონა ბოსტნეული, 330 ათასი ტონა ხილი და კენკრა, 20 ათასი ტონა მცენარეული ცხიმები, 110 ათასი ტონა შაქარი, 85 ათასი ტონა ხორცი (ცოცხალი წონით), 580 ათასი ტონა რძე და 360 მილიონი ცალი კვერცხი. ეს დონე უნდა იქცეს სურსათის წარმოების ზრდის ტემპებისა და სასურსათო ბაზრის გაჯერებულობის ათვლის საზღვრად.

 ამრიგად, სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს სურსათით ქვეყნის თვითუზრუნველყოფის პრინციპს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მტკიცე ეკონომიკური საფუძვლის უმნიშვნელოვანეს პირობას (საკმარისობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპებთან ერთად). თვითუზრუნველყოფაზე ყურადღების გამახვილება არ გულისხმობს ქვეყნის თვითიზოლაციას სასურსათო რესურსების ფორმირებაში. პირიქით, საუბარი მიდის ექსპორტისათვის წარმოების ზრდისა და იმპორტის სტრუქტურის სრულყოფის შესახებ, რაც შრომის საერთაშორისო დანაწილების უპირატესობებისა და ბაზრის ხელსაყრელი კონიუნქტურის გამოყენებასთან ერთად, ხელს შეუწყობს სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოების დამოუკიდებლობის განმტკიცებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. ინოვაციები – ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი. // თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 2014.

2. ამერიკის ეკონომიკა - ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთეებული შტატების საინფორმაციო სააგენტო, 2010.

3. ვანიშვილი მ. საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების საშინაო და საგარეო ეკონომიკური ასპექტები: თეორია, მეთოდოლოგია, პრაქტიკა. თბილისი, საზოგადოება ცოდნა, 2003.

4. კოღუაშვილი პ. საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. თბილისი, 2004.

5. მესხია ი. ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეპტუალური საკითხები. ჟ. `ეკონომიკა”, # 1-3, 1996.

6. Илларионов А. Критерии экономической безопасности. ж. "Вопросы экономики", № 10, 1998.

7. Сенчагов В.К. Экономическая безопасность: геополитика, глобализация, самосохранение и развитие (книга четвертая). Институт экономики РАН, Москва, ЗАО "финстатинформ", 2002.